საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 27 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე შეკრების მეორე ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.
მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის და იტალიური ფროზინონეს შემტევმა, გიორგი კვერნაძემ ისაუბრა.
გიორგი კვერნაძე: “ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი.
რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს.
ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო”.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
მატჩების განრიგი:
2 ივნისი, 21:00 | საქართველო – რუმინეთი
5 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბაჰრეინი
ლაშა თაბაგარი





