„კრისტალ პალასის“ პირველი ევროთასი

0
1

„კრისტალ პალასმა“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროთასი მოიგო. ავსტრიელი ოლივერ გლასნერის გაწვრთნილმა გუნდმა ლაიფციგში გამართულ კონფერენს ლიგის ფინალში მადრიდის „რაიო ვალეკანოს“ მინიმალური ანგარიშით აჯობეს.
მატჩის 51-ე წუთზე ვარტონმა თავისი ნახევრიდან წამოიღო ბურთი და დაახლოებით 22-23 მეტრიდან დაარტყა, ხოლო ბატალიას მოგერიებულს კარის წინ მდგომმა მატეტამ ზუსტად დაამატა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ხუთ წუთში იერემი პინომ 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი „რაიო ვალეკანოს“ კარის ჯერ ერთ გვერდით ძელს მოხვდა, შემდეგ მეორეს, მაგრამ ბადეში არ შევარდა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ესპანელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა პინომ პასი კარის წინ მდგომ მატეტას მისცა, რომლის დარტყმის მერე ბატალიამ ბურთი ფეხით მოიგერია და მადრიდელები გოლის გაშვებას გადაარჩინა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „კრისტალ პალასმა“ თავის სადებიუტო კონფერენს ლიგაში გაიმარჯვა. ლონდონელები არსებობის ისტორიაში მესამე ტიტულს დაეუფლნენ – მანამდე, ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიპოვეს, ცნობისთვის, ისინი სამივე ჯილდოს გლასნერის თავკაცობით დაეუფლნენ. თავად ავსტრიელმა სპეციალისტმა კარიარაში მეოთხე ჯილდო მოიპოვა – 2022 წელს ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ერთად ევროპა ლიგის თასი აღმართა. ის ლონდონელებს სათავეში 2024 წელს ჩაუდგა და  „რაიო ვალეკანოსთან“ გუნდს ბოლოჯერ უხელმძღვანელა.
მომავალ სეზონში „კრისტალ პალასი“ თავის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ფაზაში ითამაშებს. გასულ სეზონში ლონდონელებმა ინგლისის ასოციაციის თასი მოიპოვეს, მაგრამ უეფამ ევროპა ლიგაში თამაშის უფლება არ მისცა, რადგან იმავე ტურნირში მონაწილე ფრანგულ „ლიონს“ 2025 წლის ივნისამდე ერთი და იმავე მფლობელი ჯონ ტეკსტორი ჰყავდათ. უეფას რეგლამენტის მიხედვით კი, ერთი მფლობელის ორი გუნდის ევროთასზე თამაში აკრძალულია.
ლაშა თაბაგარი