თემურ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში წააგო. მე-15 ტურში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ქართული „კლასიკო“ შედგა, რომელშიც „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
განვლილი შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, რომელიც ტრადიციულად 26 მაისს აღინიშნება. გარდა ამისა, 1990 წლის 27 მაისს საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი მატჩი ლუეტუვასთან ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გუნდები სპეციალური მაისურებით შეიმოსნენ, რომელიც იმ მაისურების ანალოგი იყო, რაც 46 წლის წინ ჩვენ გუნდს ემოსა. მაშინ, ბლატიისპირელების წინააღმდეგ ქეცბაიამაც ითამაშა.
მატჩის პირველ ტაიმში ქუთაისელებმა ორი საგოლე შანსი ვერ გამოიყენეს – გიორგი არაბიძის გადაცემის შემდეგ, სერბი ფორვარდი კომნენ ანდრიჩი პირისპირ დარჩა გიორგი ლორიასთან, მაგრამ ვერ აჯობა, ცნობისთვის, ლორიამ „დინამოში“ მე-300 თამაში ჩაატარა და გუნდის რეკორდსმენია. მას შეხვედრის დაწყებამდე კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ჩარჩოში ჩასმული ფოტო გადასცა, რომელსაც ციფრი 300 ეწერა.
მეორე ეპიზოდში დიეგი დეისაძემ მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ ლორიამ ბურთი მოიგერია. შესვენებამდე „დინამოდან“ გოლი მათე ვაწაძემ გაიტანა, რომელიც თამაშგარის გამო არ ჩაითვალა.
მეორე ტაიმის შუაწელში თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა „ტორპედოს“ კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პასი ანდრიჩს გაუკეთა, რომელმაც დაალოებით ორი მეტრიდან ცარიელ კარში დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
70-ე წუთზე გიორგი არაბიძის კარგი პასის შემდეგ, ბურთი „დინამოს“ ნახევარზე ბრაზილიელ ფელიპე პირესს მიუვიდა, რომელიც კარიდან გაუმართლებლად ძალიან შორს გამოსულ მასპინძლების კაპიტანს გაცდა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
შეხვედრის მიწურულს პორტუგალიელმა როდრიგუ რამუშმა შრ=ორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და სერბმა გოლკიპერმა ფილიპ კლიაიჩმა „ტორპედო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა. ამის შემდეგ, მოედანზე ათამდე ბავშვი შეიჭრა და თამაში ცოტა ხანი შეჩერდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ხორვატმა მცველი მატეო შიმიჩმა თავის საჯარიმოში ბურთი მოიგერია, რომელიც ხელში მოხვდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ირაკლი შენგელიამ პენალტი არ დანიშნა.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილ „ტორპედოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა. „დინამო“ ზედიზედ 5 თამაშის არწაგების შემდეგ, დამარცხდა და 22 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





