უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში, ფიჯის 11-ქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩეს და 29:23 დაამარცხეს.
გუნდები, რომლებიც საქართველოში გასამართ (27 ივნისი – 18 ივლისი) მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ერთმანეთს მეოთხედ (2015 წელს 30:13, 2019 – 12:8, 2024 – 40:36) ქეიფთაუნში, „სითი პარკზე“ შეერკინენ და საქართველომ მეოთხედაც მოახერხა მეტოქის დაჯაბნა. ბოლო ორი ჯახის მსგავსად, ეს თამაშიც დაძაბული გამოდგა. გუნდებმა 4-4 ლელო გაიტანეს და მატჩის ბედი კარში დარტყმების სიზუსტემ გადაწყვიტა.
ვიტო კოლელიშვილის შეგირდები დომინირებდნენ მოლში და უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში. ფიჯი ტრადიციულად სახიფათო იყო ხელდახელ სწრაფი კონტრშეტევებისას და ლელოებიც უმეტესად ჩვეულ სტილში გაიტანა. მთლიანობაში, ეს იყო კარგი გამოცდილება, რომელიც მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით, დიდ სამსახურს გაუწევს.
პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა ფიჯიმ ჩვენი შეცდომებით კარგად იხეირა. მატჩის დებიუტში უმცროსი ბორჯღალოსნები თავს კარგად იცავდნენ და ანგარიშში მე-14 წუთზე დაწინაურდნენ. ფიჯელთა 22-ში ჩვენს პირველ შესვლას კარგი მოლი მოყვა, რომელშიც მეტოქე დაჯარიმდა, უპირატესობაზე ბურთი ხაზზე გავიტანეთ, სადაც დათა არობელიძეს საკმარისი სივრცე ქონდა იმისათვის, რომ ბოლო მცველისთვის შემოერბინა და ლელო გაეტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.
ფიჯიმ სწრაფად გვიპასუხა, ხელდახელ შეტევისა და ოფლოუდების შემდეგ, რასაც გაცუდებული ბოჭვებიც დაერთო, მათ 5-მეტრიანთან ჯარიმა გაითამაშეს, ბურთი ხაზზე ჩაათამაშეს ლელოთი წონასწორობა აღადგინეს.
24-ე წუთზე მეორედ შევედით მეტოქის 22-ში და იქ აგორებულ მოლს ჯერ ფიჯელი მორაგბის სინბინი, შემდეგ ეპიზოდში კი გიორგი ზაზაძის ლელო მოყვა. თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა. თამაში რომ განახლდა პირველი ბურთი ვერ ავიღეთ, ფრთაზე ბოჭვა გაცუდდა და ფიჯიმ 1 წუთში თავისი მეორე ლელო გაიტანა, თუმცა ვერ გარდასახა. 31-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე დაშვებულ შეცდომას სწრაფი, ფიჯური კონტრშეტევა მოყვა და ოფლოუდის შემდეგ ფრთაზე მესამე ლელო მივიღეთ, ხოლო ტაიმის მიწურულს შერკინებაში დავჯარიმდით, კუნძულელებმა 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ ხაზით შემოგვიტიეს და მეოთხე ლელო მიითვალეს, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერც ეს გარდასახეს – 12:20.
მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქემ ჯარიმა კარში დაარტყა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც უმცროსი ბორჯღალოსნები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას და ეს 17 უპასუხო ქულაში ასახეს.
47-ე წუთზე, კარგი ფაზური შეტევის შემდეგ, რომლის დროსაც ყოველთვის ვახერხებდით უპირატესობის ხაზის გადალახვას, ლევან ეზიეშვილმა რაქიდან თავად შეუტია და მის ლელოს ძოძუაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა. ბურთს სრულად რომ ვაკონტროლებდით, მეტოქის 22-ში დავმკვიდრდით და ტაიმის შუაში დავწინაურდით. დათა ახვლედიანს მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, იქვე საქმეში შეცვლაზე შესული გაბრიელ რაზმაძე ჩაერთო, რომელმაც რაქიდან ოვალი სწრაფად აიტაცა და ლელოში გადადო. ძოძუაშვილის გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო.
თამაში ჩვენი კარნახით გაგრძელდა, თუმცა შეცდომები მოგვიმრავლდა და 70-ე წუთზე ძოძუაშვილმა აღარ გარისკა, კარის წინ 12 მეტრიდან ჯარიმა კარში გაიტანა და ანგარიში 29:23 გახადა. დასკვნით წუთებში ფიჯი გააქტიურდა და მაგრად შემოგვიტია, თუმცა თავგანწურული დაცვით მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მივეცით და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს ვიტო კოლელიშვილის პირველი გამარჯვებაა. სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე საქართველო მომდევნო შეხვედრას 26 მაისს 15 საათზე, ჩილეს წინააღმდეგ გამართავს, რომელიც სამხრეთ აფრიკამ დღეს 97:0 დაამარცხა.
20-წლამდელთა საერთაშორისო სერია
I რაუნდი. 21 მაისი. 15:00 (საქ. დრო)
სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „სიტი პარკი“
საქართველო – ფიჯი 29:23 (12:20)
საქართველო
ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. ლეონიდე სალდაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: 1. აჩი ნოზაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. გიორგი ზაზაძე.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. თორნიკე ტორაძე, 20. პაატა ჩაკვეტაძე; 21. გოგა უშვერიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. ნიკა ხალვაში.
4 ლელო: არობელიძე, ზაზაძე, ეზიეშვილი, რაზმაძე
3 გარდასახვა: ძოძუაშვილი
1 ჯარიმა: ძოძუაშვილი
სამხრეთ აფრიკა – ჩილე 97:0
26 მაისი. სამშაბათი
ჩილე – საქართველო (15:00)
სამხრეთ აფრიკა – ფიჯი (17:00)
30 მაისი. კვირა
სამხრეთ აფრიკა – საქართველო (16:30)
ფიჯი – ჩილე (18:30)





