გურამ კაშია ეპოპეა „სლოვანში“ დასრულდა

0
1

გურამ კაშიას და ბრატისლავას „სლოვანის“ ურთიერთობა დასრულდა. სლოვაკური კლუბი თავის ვებგვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 38 წლის ექსკაპიტანს დაემშვიდობა.
კაშია „სლოვანში“ 2021 წელს ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის ვლადიმერ ვაისის მიწვევით გადავიდა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ბრატისლაველებთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ მოიგო. მან „სლოვანის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ერთხელ ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე – სამჯერ.
კაშიამ „სლოვანის“ მაისურით ყველა ტურნირში 190-ჯერ ითამაშა და 15 გოლი გაიტანა. მანამდე, ის თბილისის „დინამოში“, ნიდერლანდების „ვიტესში“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა.
მან „დინამოში“ საქართველოს ჩემპიონატი, დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო. მისი კაპიტნობით „ვიტესმა“ არსებობის ისტორიაში პირველი ჯილდო მოიპოვა – ნიდერლანდების თასი.
კაშია 2 ივნისს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების მაისურს ბოლოჯერ მოირგებს.
ლაშა თაბაგარი