კიტეიშვილი ავსტრიაში ზედიზედ მესამედ საუკეთესოა

0
2

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გახდა. ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელები და მენეჯერები მონაწილეობდნენ, რომელთაც უპირატესობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს მიანიჭეს.
ავსტრიული ფეხბურთის ისტორიაში კიტეიშვილი მეორეა, რომელიც საუკეთესსოდ ზედიზედ სამ სეზონში ცნეს. მანამდე, ასეთი პატივი წილად წარმოშობით ხორვატ, მაგრამ ავსტრიის მოქალაქე ივიცა ვასტიჩს ხვდა. სამჯერ საუკეთესო შტეფან ჰოფმანიც იყო, მაგრამ მას ასეთი აღიარება მიჯრით არ დაუმსახურებია.
„ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მესამედ საუკეთესოდ დასახელება წარმოუდგენელი პრივილეგიაა. ასეთი პირადი მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩემი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე. ჩემთვის ეს ჯილდო ჩვენი კოლექტივის განვითარების ნიშანია და ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. დარჩენილ ორ ტურში მზად ვართ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ“ – იუწყება კიტეიშვილის ნათქვამს ბუნდესლიგის ვებგვერდი.
კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან ავსტრიის თასზე სამჯერ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. ევროპა ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში ოთარმა მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი