„რუსთავმა“ ჩემპიონი დაამარცხა

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში გია ცეცაძის ხელმძღვანელობით „რუსთავმა“ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე მოქმედ ჩემპიონ და გათამაშების ლიდერ თბილისის „იბერიას“ მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის მე-15 წუთზე რუსთაველთა კარგი შეტევის დროს, განელმა სოლომონ კესიმ მარჯვენა ფრთიდან პასი მასპინძლების კაპიტან ავთანდილ გუჯაბიძეს მისცა, რომელმაც დაახლოებით 22 მეტრიდან „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0.
21-ე წუთზე „იბერიას“ ნახევარმცველმა გიორგი კუციამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი რუსთაველთა კართან ჩაჰკიდა, სადაც ამირან ძაგანიამ დაცვის „ჩავარდნით“ ისარგებლა და თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
შესვენებამდე, „იბერიას“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ გურამ გოშთელიანმა მასპინძლების მცველის შოთა ანდღულაძის შეცდომით ვერ ისარგებლა.
59-ე წუთზე „იბერიას“ ლუქსემბურგელმა უკანახაზელმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ბრაზილიელმა ჯექსონ კენიომ კუთხური ჩააწოდა და მცველმა ირაკლი იაკობიძემ თავით გამარჯვების გოლი შეაგდო – 2:1. ცნობისთვის, თავის დროზე, ცეცაძე სათავეში „იბერიას“ ჩაუდგა, რომელსაც მაშინ „საბურთალო“ ერქვა, მაგრამ ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია, რადგან შეკრებიდან გაათავისუფლეს.
გუგა ნერგაძის თავკაცობით „იბერიამ“ სეზონში მეორე თამაში წააგო, მაგრამ 17 ქულით პირველი წრე მოიგო. „რუსთავს“ 15 ქულა აქვს და სეზონის პირველი მეოთხედი მესამე ადგილზე დაასრულა.
რუსთავი 2:1 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი