კვარაცხელიას მორიგი შედევრი

0
1

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი საუცხოო მატჩი ჩაატარა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში პარიზელებმა „ნანტი“ მიიღეს და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩის მე-13 წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ცნობისთვის, მანამდე მას თითქმის სამი წელიწადი თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს. 37-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი დუემ გამოიჩინა.
შესვენებაზე ფრანგული არხისთვის მიცემულ მცირე ინტერვიუში, როდესაც ხვიჩას მორიგი გოლის გატანა მიულოცეს, მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რადგან პსჟ-ში ყველა ფეხბურთელს შეუძლია როგორც პენალტიდან, ასევე ნებისმიერი წერტილიდან გატანა.
50-ე წუთზე კვარაცხელიამ ფინტებით მეტოქის საჯარიმოში ორი მცველი გააბრუა, რომლებიც ვერც თანაგუნდელებმა დააზღვიეს და ამ სეზონში ჩემპიონატში პირველი დუბლი შეასრულა. ხვიჩას ჰეთ-თრიქის გახერხებაც შეეძლო, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით დაარტყა და „ნანტი“ კიდევ ერთო გოლის გაშვებას მეკარემ გადაარჩინა.
კვარაცხელია 65-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში გატანილი 7 გოლი და 4 საგოლე პასია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ქართველმა ფორვარდმა 15 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 66 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი