კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტური გორში დასრულდა, სადაც იტალიელი დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით ადგილობრივმა „დილამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის სტარტზე ბათუმელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს და საჯარიმოში შესული თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ, მოლდოველმა დიმიტრი მანდრიჩენკომ თითქმის კარის ხაზიდან ბურთი ხარიხას მოახვედრა.
მატჩის მე-16 წუთზე გიორგი ჯალაღონიამ მარცხენა ფრთიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ნიკა კალანდარიშვილს ბურთი ჯერ ხელზე მოხვდა, შემდეგ ფეხზე და კუთხურზე გადავიდა. არბიტრმა ალეკო აფციაურმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა.
შეხვენებამდე „დილამ“ ბათუმელთა კარი მეორედაც აიღო, მაგრამ აფციაურმა გოლის ავტორზე მსაჯზე თავდასხმა დააფიქსირა და ანგარიში არ გაზრდილა. მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ნიკა კალანდარიშვილმა გვინეელი ფორვარდი მოჰამედ კანტე წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა.
მიუხედავად იმისა, რომ „დილამ“ რიცხობრივი უპირატესობა მიიღო, ანგარიში ვერ გაზარდა შეხვედრის მიწურულს „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მიზანს მცირე მანძილით ააცილა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე გორელი მცველის თავით მოგრიებული ბურთი გურამ ჯაფარიძემ ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად ხელსაყრელი პოზიციიდან კარში ვერ გადაგზავნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაი ჭიაბრიშვილი და ლონგოს ასისტენტი შელაპარაკდნენ, რის გამო ორივე გუნდის წარმომადგენლებს შორის ვითარება ცოტა დაიძაბა, მაგრამ მალე განიმუხტა,
„დილა“ 13 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო „დინამო“ 7 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





