კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე შედგა, სადაც თბილისის „სპაერმა“ მოქმედ ჩემპიონ თანაქალაქელ „იბერიას“ უმასპინძლა და დამარცხდა.
მატჩის მე-9 წუთზე „იბერიამ“ კუთხური კარგად გაითამაშა – გიორგი ჯინჯოლავამ მასპინძლების საჯარიმოში პაატა ღუდუშაური მოძებნა, რომელმაც უპასა გიორგი კუციას, ამ უკანასკნელმა კი დაახლოებით 17 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. ეს კომბინაცია აშკარად ვარჯიშზე დამუშავებული იყო.
მე-17 წუთზე ამირან ძაგანიამ ბურთი „სპაერის“ ნახევარზე მიიღო და მარჯვნიდან საჯარიმოში ოდნავ შესულმა ბურთი დაბალი ტრაექტორიით მეკარისგან მარჯვენა კუთხეში მოათავსა – 0:2.
ტაიმის მიწურულს ჯინჯოლავამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი „სპაერის“ კართან ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ძაგანიამ ვარდნაში დაარტყა და მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
მეორე ტაიმში „იბერიამ“ ანგარიში ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე შეინარჩუნა და გუგა ნერგაძის გუნდი 17 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია. ანზორ კიღურაძის ხელმძღვანელობით „სპაერს“ ზედიზედ 4 თამაში არ მოუგია და 11 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





