წიტაიშვილმა ლიგა 1-ში მესამედ გაიტანა

0
6

გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც „მეცში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა. 29-ე ტურში „მეცი“ სტუმრად „მარსელთან“ 1:3 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-13 წუთზე მასპინძლები ობამეიანგმა დააწინაურა, ხოლო 48-ე წუთზე „მეცის“ კარი პაიშაომ აიღო. 49-ე წუთზე წიტაიშვილმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგზე ფინტით ერთ მეტოქეს გაცდა, საჯარიმოში შესული კი მცველს გაექცა, რასაც ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმა მიაყოლა. მის ანგარიშზე 3 გოლის გარდა, ასევე 2 საგოლე პასია. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „მარსელიდან“ თავი ტრაორემ გამოიჩინა.
„მეცის“ კიდევ ორ ქართველ ლეგიონერს რაც შეეხება, გარემარბი გიორგი აბუაშვილი და ფორვარდი გიორგი ქვილითაია თადარიგში იყვნენ, მაგრამ თამაშში არ ჩართულან. „მეცი“ 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
ლაშა თაბაგარი