„ვილიარეალმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში სტუმრად „ჟირონასთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-3 წუთზე მიქაუტაძემ დაახლოებით 18 მეტრიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი მასპინძლების მცველს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ კარც მცირე მანძილიდან აცდა. მე-18 წუთზე ქართველმა კარგი რეიდი წამოიწყო და სამ მეტოქეს ფაქტობრივად გაუმკლავდა, მაგრამ საჯარიმოში შესულმა კარში ვერ დაარტყა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მასპინძლების კაპიტანმა მარტინესმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო „ვილიარეალის“ მცველმა პაუ ნავარომ ბურთი თავის კარში ჩაჭრა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება ერთ წუთში შეეძლოთ, როდესაც მარჯვენა ფრთიდან პეპემ გადაცემა საჯარიმოში გააკეთა და გიორგი ვარდნაში ბურთს ვერ მიწვდა.
მეორე ტაიმის სტარტზე მიქაუტაძემ მოედნის ცენტრში ბურთი მკერდით მიიღო და მარცხენა ფლანგიდან შეუტია, რის შემდეგ საჯარიმოში ალბერტო მორენო მოძებნა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა.
86-ე წუთზე მარცხნიდან პეპეს გადაცემის მერე, მიქაუტაძემ ბურთი საჯარიმოში მიიღო, მაგრამ შემოტრიალებით არაზუსტად დაარტყა, რადგან ხელი მცველმა შეუშალა. ცნობისთვის, „ჟირონამ“ თავის მოედანზე ლა ლიგაში „ვილიარეალს“ პირველად მოუგო.
ლაშა თაბაგარი





