კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ნბა-ს რეგულარული პირველობის საინტერესო შეხვედრა ტორონტოში ჩატარდა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის “რეპტორზმა” გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და დამაჯერებლად 139:87 სძლია.
პირველი მეოთხედის მსვლელობისას “ორლანდო” 20:14 იგებდა, მაგრამ კანადელებმა 31 ქულიანი გაქცევა (ნბა-ს ისტორიაში ისტორიაში ყველაზე დიდი) მოაწყეს და გამარჯვებულის ვინაობა ასპარეზობის ამ მონაკვეთშივე გადაწყვიტეს.
პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩებში დაგროვილი ქულების საშუალო მაჩვენებლით მამუკელაშვილი ზაზა ფაჩულიას დაეწია (6.8 ქულა).
ფლორიდელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძემ პარკეტზე 10 წუთი დაჰყო და აქტივში 6 ქულა და 4 მოხსნა (სამი მეტოქის ფარზე) მიითვალა. 26 წუთი ითამაშა “მეჯიქში” მეფარის პოზიციაზე ბითაძის კონკურენტმა ვენდელ კარტერ ჯუნიორმა და ამ სოლიდური დროის განმავლობაში მხოლოდ 4-4 ქულას და მოხსნას მოუყარა თავი.
“რეპტორზი” 42-32 ბალანსით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 1-ელ აპრილს, დეტროიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მეჯიქი 39 მოგებითა და 35 მარცხით ამავე კონფერენციაში მერვეა და კანადელთა მსგავსად მომდევნო შეხვედრას ასევე 1-ელ აპრილს “ფინიქს სანზთან” გამართავს.





