რამაზ სვანაძის აზრით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა. მან ამის შესახებ F ჯგუფის მე-6 ტურში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ლატვიასთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: „სიმართლე გითხრათ პრობლემების მიუხედავად მეტს ველოდი. პირველ ტაიმში რაც დაგეგმილი იყო სრულდებოდა. უბრალოდ, დამამთავრებელ ფაზაში ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა. ასევე, მეტოქის კონტრშეტევის დროს პრობლემა გვექმნებოდა.
ლატვიის ნაკრებს ახალი არაფერი შემოუთავაზებია. ფიზიკურად ძლიერი და დისციპლინირებული გუნდია. ლატვიელებმა ჩვენს ნახევარზე თითქმის ყველა გადასვლა კარში დარტყმით დაასრულეს. ვიცოდით, რომ ნაკლები სივრცე გვექმნებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შევქმენით. დარწმუნებული ვარ ერთი მომენტის გამოყენების შემთხვევაში სხვა თამაში იქნებოდა.
მეორე ტაიმში კაცნაკლულნი ვიყავით, მაგრამ თამაში ჩვენი სცენარით მიდიოდა. გოლი იქიდან მივიღეთ, საიდანაც ყველაზე მეტი საფრთხე იყო. განვლილი მატჩის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე წასვლის შანსი თითქმის აღარ გვაქვს. თუმცა, 21-წლამდელთა ნაკრებს კიდევ ერთი დანიშნულება აქვს – ეს იმ ფეხბურთელების წამოწევაა, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან ახლოს არიან.
ჩვენ შანსს იმ ფეხბურთელებს მივცემთ, რომელთაც თამაში მომდევნო შესარჩევ ციკლში მოუწევთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძირითადი ბირთვი შეიცვლება. თავისი ასაკის მიუხედავად ეს მოთამაშეები აქ ყოფნას იმსახურებენ იქიდან გამომდინარე თუ თავის კლუბებში როგორ გამოდიან“.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 6 ქულა აქვს F ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ჯგუფში პირველ ადგილზე 18 ქულით საბერძნეთია, გერმანია 15 ქულით მესამეა, ჩრ.ირლანდია 7 ქულით მესამეა. ლატვია 4 ქულით მეხუთეა, ხოლო უქულო მალტა ბოლოა. ჩვენი ახალგაზრდული 31 მარტს ქუთაისში მალტას უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





