საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნად არჩევა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
ვილი სანიოლი: „ვფიქრობ, „კვარას“ ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე საოცარი პროგრესი ჰქონდა. ახლა, ის ისეთ დონეზეა, რომ შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ამ თემაზე რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ და ვიგრძენი, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა კაპიტანი ყოფილიყო. მან პასუხისმგებლობა აიღო, რომ გუნდს დახმარებოდა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თამაშსა და ვარჯიშზე სურვილი ექნება გუნდის ლიდერი იყოს. თუმცა, ის ერთადერთი ლიდერი არ უნდა იყოს.
გვყავს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ვიცეკაპიტანი იქნება. მას დიდი გამოცდილება და ძლიერი ხასიათი აქვს. პატივს სცემენ როგორც ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი მოთამაშეები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მან პასუხისმგებლობა და ლიდერობა აიღოს. მიუხედავად იმისა, რომ აქ არაა და ვერ ვესაუბრეთ, ოთარ კაკაბაძეც თავისი გამოცდილებით და გუნდში როლით კარგი ლიდერი იქნება.
მათ ვთხოვ ჩამოაყალიბონ 7-8 მოთამაშისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობას ერთად აიღებს. მაშინ, როდესაც მთელი გუნდი ერთ აზრზეა, წინსვლა და სწორი გზით განვითარება შესაძლებელია“.
2019 წლიდან დღემდეგ 25 წლის კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში 47 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა. 25 წლის ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა.
პირველი ვიცეკაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცეკაპიტანი -ოთარ კაკაბაძე.
საქართველოს ნაკრები ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. მარტის შეკრების მეორე ვარჯიში “მიხეილ მესხი 2”-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს.
ლაშა თაბაგარი





