დავითაშვილის მე-11 გოლი საფრანგეთში

0
17

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-11 გოლი გაიტანა. 24-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ შინ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ლავალს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ითამაშა. მე-3 წუთზე „ლავალის“ მცველმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დავითაშვილმა გაიტანა.
33-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი დავითაშვილი ერთ მცველს გაცდა და ახლო მანძილიდან ძლიერად ვერ დაარტყა, ხოლო მეკარემ ბურთი მოიგერია. 36-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში კამარამ გაათანაბრა. 38-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ბოიაკიემ გამოიჩინა.
52-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს და „ლავალის“ საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მდგომმა დავითაშვილმა ბურთი კარს გადააცილა.
25 წლის ქართველმა 20 მატჩში გატანილი 11 გოლის გარდა, 1 საგოლე პასი მიითვალა. „სენტ-ეტიენი“ 43 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ტრუას“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი