ქოჩორაშვილის და მამაგეიშვილის ცოტა დრო

0
31

ლისაბონის „სპორტინგმა“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში შინ „ნასიონალი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ორი თამაშის გამოტოვების შემდეგ, ამჯერად მოედანზე გასვლის საშუალება მისცეს. ის თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო.
შეხვედრის 72-ე წუთზე ანგარიში გონსალვეშმა გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე ნუნიესმა საპასუხო ბურთი გაიტანა. „სპორტინგმა“ სამი ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე კოლუმბიელი ფორვარდის ლუის სუარესის გოლით მოიპოვა. მოქმედი ჩემპიონი ლისაბონელები 51 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „პორტუს“ 4 ქულით ჩამორჩებიან.
„ფამალიკაომ“ გასვლაზე „ჟილ ვისენტესთან“ 0:5 წააგო. სტუმრებს 42-ე წუთზე ნახევარმცველი გაუძევეს და ამ დროს ანგარიში 0:0 იყო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, ხოლო შესვენების მერე კიდევ 4 გოლი გაიტანეს. ჩვენი ახალგაზრდულის ყოფილი ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი „ფამალიკაოს“ რიგებში 78-ე წუთზე გამოჩნდა. „ფამალიკაო“ 29 ქულით მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი