გულიაშვილის „რასინგი“ გაგნიძის გუნდთან დამარცხდა

0
19

გიორგი გულიაშვილმა სანტანდერის „რასინგში“ გადასვლის შემდეგ, ესპანეთის ლიგა 2-ში სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მანამდე, მას დებიუტი ესპანეთის თასზე „ბარსელონასთან“ შინ 0:2 წაგებულ მატჩში ჰქონდა.
24-ე ტურში „რასინგი“ სტუმრად „გრანადას“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდმა მოედანზე 58 წუთი დაჰყო. მას მე-18 წუთზე ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. „გრანადას“ თადარიგში ლუკა გაგნიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი არნაისმა გაიტანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში დაარტყა.
წაგების მიუხედავად „რასინგმა“ 44 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „გრანადა“ 29 ქულით მეთხუთმეტეა.
რუმინეთის სუპერლიგის 24-ე ტურში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია“ გასვლაზე „ფარულთან“ 1:4 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტოში იყო და მე-3 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, როდესაც კრაიოველები 0:3 აგებდნენ. „უნივერსიტატია“ 46 ქულით 16 გუნდში პირველია.
ლაშა თაბაგარი