გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „ბაიერნს“ ქულები დააკარგვინა

0
28

„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში შინ ლიდერ „ბაიერნს“ ქულები დააკარგვინა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 24-ე წუთზე კიმიხმა თავის საჯარიმოში მასპინძლების კაპიტანი კაპალდო წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვიეირამ გამოიყენა – 1:0. 42-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გნაბრი პასი კიმიხ გაუკეთა, რომელიც ხეირიანად ბურთს ვერ მიწვდა, მაგრამ იქვე მყოფმა კეინმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
46-ე წუთზე ოლისემ კარგი პასით მეკარესთან პირისპირ დიასი დატოვა, რომელმაც მიუნხენელები დააწინაურა – 1:2. 53-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფი მიკელბრონციზი ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ვუსკოვიჩმა თავით „ბაიერნის“ კარი აიღო – 2:2. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და მიუნხენელებმა ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგეს – მე-19 ტურში შინ „აუგსბურგთან“ 1:2 დამარცხდნენ. „ჰამბურგი“ 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი