გიორგი გულიაშვილმა სანტანდერის „რასინგის“ შემადაგენლობაში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სანტადერელებს იანვარში შეუერთდა და დებიუტი ესპანეთის თასის 1/8-ფინალში შინ „ბარსელონასთან“ 0:2 წაგებულ მატჩში ჰქონდა.
„რასინგი“ 23-ე ტურში ლა კორუნიას „დეპორტივოს“ ესტუმრა და 63-ე წუთზე პეიო კანალესის მიერ გატანილი გოლით 1:0 გაიმარჯვა. გულიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო.
„რასინგი“ 44 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და 5 ქულით ასწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ „კასტელონს“.
„გრანადამ“ სტუმრად „კადისი“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა განაცხადში ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იყო, რომელსაც ისევ არ უთამაშია. მასპინძლებს კი როგორც ცნობილია სეზონის ბოლომდე ტრავმირებული იური ტაბატაძე ვერ დაეხმარებათ. „კადისი“ 34 ქულით მეათეა, ხოლო „გრანადა“ 26 ქულით – მე-17.
ლაშა თაბაგარი





