ფუტსალის ნაკრებმა შანსი დაიტოვა – დიდებული ფერეიდნელი მეკარე

0
35

ფუტსალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე A ჯგუფში მეორე მატჩი ხორვატაისთან ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა.
მატჩის მე-6 წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა კუთხური ჩააწოდა და სეკულიჩმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ ხორვატები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა, რადგან ჩვენმა მეკარე ალი ასლანმა, რომელიც ფერეიდნელია, არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია. ის გუნდის განაცხადში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიყვანეს.
მე-16 წუთზე ხორვატების შეტევის დროს, ჩვენ საჯარიმოში ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კუსტურამ მიიღო და ანგარიში გაათანაბრა. 23-ე წუთზე ლიმა ერთ ქართველ ფეხბურთელს გაცდა და ძლიერი დარტყმით ბალკანელები დააწინაურა.
24-ე წუთზე გიორგი ღავთაძემ შორი მანძილიდან საჯარიმო დაარტყა და ხორვატმა მოთამაშემ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა. ასათიანს მოთხოვნის შემდეფ მსაჯმა ეპიზოდი გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ღავთაძემ ვერ გამოიყენა – მეკარე ბურთი მოიგერია. ასლანი მეორე ტაიმშიც ძალიან საიმედოდ თამაშობდა და ხორვატებმა უპირატესობა რომ ვერ გაზარდეს, მისი დამსახურებაა. 35-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ღავთაძე ჯერ მცველს გაცდა, მერე წინ გამოსულ მეკარეს და პასი ვახტანგ კეკელიას მისცა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
39-ე წუთზე ჩვენი გუნდის კაპიტანმა ირაკლი თოდუამ საკუთარ საჯარიმოში პერიჩი წააქცია და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. პერიჩის დარტყმული ბურთი ასლანმა მოიგერია, რომელიც უდავოდ მატჩის გმირი იყო. მის ანგარიშზე 33 მოგერიებაა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად დაასახელეს.
ერთი ქულის მქონე საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო თამაშს 28 იანვარს კაუნასში საფრანგეთთან ჩაატარებს და აუცილებლად მოგება სჭირდება, რათა 1/4-ფინალში გასვლის შანსი დაიტოვოს.
დღეს, ფრანგებმა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ლატვია 5:0 დაამარცხეს და 4 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე არიან. ლატვიის ნაკრები 3 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხორვატია 2 ქულით მესამეა, ხოლო საქართველო ერთი ქულით ბოლოა.
ხორვატია 2:2 საქართველო 

ლაშა თაბაგარი