მამუკელაშვილის და “ტორონტოს” ბენეფისი საკრამენტოში

0
32

საქართველოს ნაკრების ფორვარდის სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რეპტორზმა” მიჯრით მეორე საგარეო შეხვედრა მოიგო კალიფორნიაში. გუშინ “გოლდენ სტეიტის” ძლევის შემდეგ კანადელებმა ამჯერად შტატის დედაქალაქის “საკრამენტო კინგზს” სძლიეს – 122:109. მატჩის პირველი ნახევარი “ქვეწარმავლებმა” 9 ქულით დათმეს, მაგრამ მესამე მეოთხედი ჩრდილოელებმა 43:21 მოიგეს, რაც შეხვედრაში საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა. “ტორონტომ” საკრამენტოში სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად იმარჯვა.
სანდრო მამუკელაშვილი ამჯერად ტორონტოელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ასპარეზობა ჩაატარა. ქართველმა 32 წუთში 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და მიმდინარე სეზონში მეოთხე ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. სანდრომ ორივე ტაიმში თანაბარი ქულები 11-11 დააგროვა.