ავთანდილ ასათიანს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები ასეთი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდა. ჩვენი გუნდის თავკაცმა ამის შესახებ ებროპის 2026 წლის ჩემპიონატის სტარტზე ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ლატვიასთან ოთხი უპასუხო გოლის გაშვების შემდეგ განაცხადა. მის გარდა კომენტარი ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თოდუამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა გააკეთეს.
ავთანდილ ასათიანი: „დასანანი მარცხი იყო. ანგარიშიდან გამომდინარე, ჩემი გუნდი ასეთ წაგებას არ იმსახურებდა. სამ თამაშს ეყოფოდა, იმდენი საგოლე მომენტი გვქონდა, რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ სამუშაო გვაქვს. საწყენია, რომ სტარტზე ასე წააგებ, არადა, ვქმნიდით მომენტებს, ბევრი ნამუშევარი გვქონდა, ლატვიის ნაკრები შესწავლილი გვყავდა, უბრალოდ, ფუტსალი ისეთი დინამური თამაშია, რომ შეიძლება ისეთი ანგარიშით წააგო, რომელსაც არ იმსახურებდი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, ძალიან რთული ორი მატჩი გველოდება და უნდა ვეცადოთ, რომ შეცდომები გამოვასწოროთ, რომელიც დღეს დავუშვით“.
ირაკლი თოდუა: „მთელი გუნდის სახელით საქართველოს ბოდიშს ვუხდით ამ შედეგისთვის, ჩვენი ქვეყანა ამ ანგარიშს ნამდვილად არ იმსახურებდა. ვინც თამაშს უყურა, ნახა, რომ უამრავი მომენტი იყო, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. სამწუხარო რეალობა ესაა. მომდევნო მატჩებში ვეცდებით, რომ ჩვენი გატეხილი სახელი აღვიდგინოთ, რამაც აქამდე მოგვიყვანა და ის ერთიანობა დავიბრუნოთ, რაც მოედანზე აუცილებელია“.
ვახტანგ ჯვარაშვილი: „პირველ რიგში, მინდა, ჩვენს გულშემატკივარს, ოჯახებს და საქართველოს ამ ანგარიშის გამო ბოდიში მოვუხადო. ყველაფერი გავიღეთ, ვემზადებოდით, მაგრამ არის დღეები, როცა არ გვიმართლებს. ვინც ამ თამაშს უყურა, დამეთანხმება, რომ ბევრ დეტალში ძალიან არ გაგვიმართლა. ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან ყველას დადებითი შედეგი გვინდოდა. ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩში მივაღწიოთ“.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მეორე თამაშს ხორვატიასთან ჩაატარებს, რომელიც საფრანგეთს დაუზავდა (2:2). ცნობისთვის, 1/4-ფინალში ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან.
ლაშა თაბაგარი





