საფრანგეთის ლიგა1-ის მე-16 ტურში პსჟ-ს კარში გიორგი წიტაიშვილის მიერ გატანილი გოლი დეკემბერში საუკეთესოდ დაასახელეს. ამის შესახებ ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ნახსენებ შეხვედრაში „მეცი“, რომელშიც წიტაიშვილთა ერთად გიორგი აბუაშვილი გამოდის, შინ ფრანგულ გრანდთან 2:3 დამარცხდა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი წიტაიშვილი მე-80 წუთზე მეტოქის ნახევარზე ერთი მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა „კედელი“ ჰეინთან გაითამაშა, რის შემდეგ ბურთი „ცხრიანში“ გაახვია. 85-ე წუთზე წიტაიშვილის ნაცვლად მოედანზე აბუაშვილი შევიდა.
25 წლის წიტაიშვილმა, რომელიც „მეცში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, საფრანგეთის ჩემპიონატში 17-ჯერ ითამაშა და ორი გოლის გატანის გარდა, ერთი საგოლე პასი გააკეთა. ის დეკემბერში გულშემატკივრებმა “მეცის” საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





