იური ტაბატაძემ „კადისის“ შემადგენლობაში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 21-ე ტურში „კადისმა“ ხიხონის „სპორტინგს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში პასკუალმა გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე ოკამპომ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. ტაბატაძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა 72-ე წუთზე თავისი ნახევრიდან დაიწყო შეტევა და მარჯვენა ფლანგზე ჯერ ერთი მეტოქეს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესული ფინტით მეორე მცველსაც გაექცა, რომელმაც წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ტაბატაძემ ზუსტად დაარტყა და სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში მეტოქეთა კარი მეექვსედ აიღო. მან ასევე ესპანეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
82-ე წუთზე „სპორტინგიდან“ ერთი ბურთი დუბასინმა გაქვითა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კი კამპოსმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. 96-ე წუთზე ტაბატაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.
ლაშა თაბაგარი





