ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი შესაძლოა „სევილიას“ პრეზიდენტი გახდეს, სადაც კარიერას იწყებდა. გამოცემა COPE-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი სათავეში ინვესტორთა ჯგუფს ჩაუდგა, რომელიც ანდალუსიური კლუბის გამოსყიდვას აპირებს.
რამოსმა „სევილიას“ ამჟამინდელ აქციონერებს ყველაზე დიდი შეთავაზება გაუკეთა, რომელიც კლუბს ოდესმე მიუღია.
39 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი მექსიკური „მონტერეი“ იყო, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში დატოვა. რამოსმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „რეალში“ გაატარა, სადაც რამოსი „რეალში“ 2005 – 2021 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 671 მატჩში 101 გოლი გაიტანა.
მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ესპანეთის თასი – 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – ოთხჯერ, ესპანეთის სუპერთასი – ოთხჯერ, უეფას სუპერთასი – 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 4-ჯერ. მან 2005-2021 წლებში ესპანეთის ნაკრების ღირსება 180-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო. რამოსმა „ფურია როხას“ შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატი (2010) და ორჯერ ევროპის ჩემპიონატი (2008, 2012) მოიგო.
ლაშა თაბაგარი





