გიზო მამაგეიშვილი „შტურმში“ ითამაშებს

0
15

გიზო მამაგეიშვილი კარიერას გრაცის „შტურმში“ განაგრძობს. ავსტრიული კლუბის ინფორმაციით, თბილისის „იბერიას“ ექსკაპიტანმა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში 22 წლის მამაგეიშვილმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. ის „იბერიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
„მიხარია კონტრაქტის გაფორმება ისეთ ავსტრიულ ტოპ-კლუბთან როგორიც „შტურმია“. ოთარ კიტეიშვილის წყალობით „შტურმს“ ვიცნობდი და მაშინვე დავუკავშირდი, როდესაც კლუბით ჩემი დაინტერესების შესახებ გავიგე. მან ჩემს შესახებ „შტურმის“ ხელმძღვანელებთან დადებითად ისაუბრა. ახალ გუნდთან გაცნობას და იანვარში შეკრებას მოუთმენლად ველოდები, რათა თავდაუზოგავი შრომით მიზანს მივაღწიო“- იუწყება მამაგეიშვილის ნათქვამს გრაცელთა ვებგვერდი. შეგახსენებთ, რომ გიზოს ტყუპისცალი ოთარი პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ “ფამალიკაუში” თამაშობს.
დავიღ მუჯირის, გიორგი შაშიაშვილის, ილია კანდელაკის, გიორგი ფოფხაძის და ოთარ კიტეიშვილის შემდეგ, გიზო მამაგეიშვილი მე-6 ქართველი ფეხბურთელია, რომელიც “შტურმში” ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი