ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მიმდინარე გათამაშებაში პირველი საგოლ პასი შეასრულა. მე-5 ტურში უკრაინული გუნდი სტუმრად მალტის „ჰამრუნს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, რომელსაც უკრაინის პრემიერლიგაში პრაქტიკულად არ ათამაშებენ, კონფერენს ლიგის მატჩში ისევ სასტარტოში იყო და მოედანზე 89 წუთი დაჰყო. 61-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა აზაროვმა ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ ლუკა მეირელეშს, რომელმაც თავით გაიტანა. 64-ე წუთზე დონეცეკელებიდან თავი ისაკიე სილვამ გამოიჩინა.
„შახტარი“ 12 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. დონეცკელები კონფერენს ლიგაში მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს შინ ხორვატიის „რიეკასთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





