ჩემპიონი ქუთაისში დამარცხდა

0
17

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა – 3:1.
მატჩის მე-19 წუთზე პაატა ღუდუშაურმა კარგად შეაყოლა ბურთი მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ნორვეგიელ ფორვარდ ბიორნ იონსენს, რომელიც გიორგი ჯგერენაიას გაექცა და პასი გაუკეთა ალეკო ბასილაძეს ამ უკანასკნელმა კი ახლო მანძილიდან ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0.
31-ე წუთზე ღუდუშაურმა თავისი ნახევრიდან დაიწყო შეტევა, რომელიც ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა გააგრძელა და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში თანამემამულე ვარლეი დე სილვა მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი კარში აღმოჩნდა – 2:0.
36-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და გიზო მამაგეიშვილის თავურის შემდეგ,  ბურთი ქუთაისელ ფეხბურთელს შეეხო და მიმართულება შეიცვალა, მაგრამ სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა რეაგირება მაინც შეძლო. 41-ე წუთზე ქუთაისელთა ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს, ლუკა სილაგაძემ მარჯვენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში ბაქარ ქარდავას გაუკეთა, რომელმაც თავით „ცხრიანში“ გაიტანა – 2:1. ტაიმის მიწურულს ბასილაძე ფინტით თბილისელთა საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
„იბერიამ“ მეორე ტაიმი ძალიან აქტიურად დაიწყო და ქუთაისელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ. თბილისელებიდან ჯერ ლუკა სილაგაძემ დაარტყა საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ, ხოლო ცოტა ხანში იმავე ბაქარ ქარდავამ გააკეთა და ორივეჯერ კლიაიჩმა „ტორპედო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა. 84-ე წუთზე სტუმართა ნიდერლანდელმა მცველმა დერეკ აგიაკვამ თავის საჯარიმოსთან ახლოს ბურთი სერბ ფორვარდ კომნენ ანდრიჩს ჩააბარა, რომელმაც დაახლოებით 16 მეტრიდან დაარტყა და გიორგი მაკარიძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. ამ ეპიზოდში ანდრიჩს წინსვლისთვის და უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე გასასვლელად ადგილი ჰქონდა, რაც არ გააკეთა. 89-ე წუთზე  ვლადიმერ მამუჩაშვილმა თავისი ნახევრდინა გრძელი გადაცემა ფელიპე პირესს გაუკეთა, რომელიც თითქმის ცენტრამდე ამოსულ მაკარიძეს გაექცა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. შეხვედრის მიწურულს ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე შეკამათდნენ და მათ სამწვრთნელო შტაბის წევრებიც აყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მხარეები მალე დამშვიდნენ.
„იბერია“, რომელსაც გუგა ნერგაძე თავკაცობს, 59 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო „ტორპედო“ 49 ქულით მესამეა.
ტორპედო 3:1 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი