„დილამ“ ლიდერობა დაიბრუნა, ლიუბენოვიჩის კოშმარული დებიუტი

0
9

გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. 29-ე ტურში იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილი გორელები შინ „გაგრას“ შეხვდნენ და 5:0 დაამარცხეს.
49-ე წუთზე „დილას“ შეტევის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა განელმა სირილ ედუძიმ მარჯვენა ფლანგიდან კარის წინ გახსნილი კონგოელი დეო ბასინგა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 70-ე წუთზე ბურკინა ფასოელი არუნა უატარა იოლად გაცდა სტუმართა საჯარიმოში ბრაზილიელ ვანდერსონ სილვას და პასი ბასინგას გაუკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
76-ე წუთზე ფრანგი ჟან-მარკ ტიბუეს გადაცემის შემდეგ, ისრაელელმა აბდალამ „გაგრას“ საჯარიმოში ბურთი დაამუშავა, ერთ მცველს გაცდა და თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 86-ე წუთზე გორელებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი შეაგდო. 89-ე წუთზე ანდრონიკაშვილმა ბურთი აბდალას გადააწოდა, რომელიც ბრაზილიელ მცველ აუგუსტო პორფირიოს იოლად გაცდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დილა“ 62-ე ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. „გაგრას“, რომლის სათავეში სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის დებიუტი შედგა, 33 ქულით მექვსეა.
დილა 5:0 გაგრა 
ლაშა თაბაგარი