საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის აზრით, როდესაც ესპანეთი ასეთ თამაშობს, წარმატების მიღწევის შანსი არ გაქვს. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის მესამე ტურში ელჩეში ევროპის მოქმედ ჩემპიონთან 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა.
ვილი სანიოლი: „შეგვიძლია ვცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ როდესაც ესპანეთის ნაკრები ასეთ დონეზე თამაშობს, უშანსოდ ხარ — ეს უნდა მივიღოთ. კარგია, რომ ყვითელი ბარათები არ მივიღეთ. რამდენიმე ფეხბურთელს მომდევნო მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა და ვიცით, რომ თურქეთთან შეხვედრა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ სამ დღეში ბევრი რამ შესაძლოა შეიცვალოს. ფეხბურთელებთან ბევრს ვსაუბრობთ და მომდევნო შეხვედრაში მათი მხრიდან სრულიად განსხვავებულ თამაშს ველი. სამი დღე ძალების აღსადგენად საკმარისი არ არის, თუმცა თანამედროვე ფეხბურთი ასეა მოწყობილი — არასდროს გაქვს საკმარისი დრო.
ფეხბურთელები მიჩვეულები არიან ასეთ გრაფიკს და ვეცდებით, რომ ძალები მაქსიმალურად აღვიდგინოთ.ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო პირობებით ვიმგზავროთ — ამჯერადაც ასე იქნება და მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ეს ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს“.
საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ქალაქ იზმითში თურქეთს შეხვდება, რომელმაც მესამე ტურში სტუმრად ბულგარეთი 6:1 გაანადგურა. ჯგუფში ესპანეთი 9 ქულით ლიდერია, ხოლო თურქეთი 6 ქულით მეორე. საქართველო 3 ქულით მესამეა, უქულო ბულგარეთი კი ბოლოა. ჯგუფში გამარჯვებული მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





