ნოემბერში ბორჯღალოსნები სამივე ტესტ-მატჩს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამართავენ. 8 ნოემბერს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ აშშ-სთან ჯახის შემდეგ, 15 ნოემბერს იქვე კანადას დავუპირისპირდებით, 22 ნოემბერს კი იაპონიას თბილისში ვუმასპინძლებთ.
ისევე, როგორც „არწივებთან“ მატჩი, „აჭარაბეთ არენაზე“ კანადასთან შეხვედრაც 16 საათზე დაიწყება. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მეორე გუნდის სტატუსით ითამაშებს. მოცემული მომენტისთვის კანადა 59.20 ქულით მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილზეა.
2009-2017 წლებში ბორჯღალოსნები კანადას 7-ჯერ ეთამაშნენ და 4-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს, სამი თამაში კი დათმეს. ამ 7-იდან სამი თამაში საქართველოში ჩატარდა, სამივე თბილისში, ორჯერ კანადაში ვირაგბეთ, ორჯერ კი ნეიტრალურ მოედანზე.
პირველად კანადას აშშ-ში, გლენდეილში შევხვდით. მატჩი „ჩერჩილის თასის“ ფარგლებში ჩატარდა და მეტოქემ 42:10 გაიმარჯვა. ერთი წლის თავზე ჩრდილო ამერიკელები თბილისში, „ეროვნულზე“ გვეწვივნენ და რევანში შედგა – საქართველომ 22:15 გაიმარჯვა.
2012 წელს კანადას სტუმრად, ვანკუვერში შევხვდით (12:31), ერთი წლის შემდეგ კი „ეროვნულზე“ მეორედ გავიმარჯვეთ – 19:15. 2015 წლის მსოფლიო თასამდე კანადას ინგლისში ვეთამაშეთ და მინიმალური სხვაობით ჩამოვრჩით – 15:16.
ბოლო ორი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც კანადასთან დადებითი ბალანსი შეგვიქმნა. 2017 წელს მეტოქე მისსავე მოედანზე, კალგარიში 13:0 დავამარცხეთ, იმავე წლის ნოემბერში კი „ეროვნულზე“ სარეკორდო სხვაობით – 54:22 ვაჯობეთ.
