შემოდგომის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები 8 ნოემბერს ბათუმში ხსნიან. „აჭარაბეთ არენაზე“ მათი მეტოქე აშშ იქნება. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.
„არწივებმა“ (აშშ-ს ნაკრების თიკუნი) 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური ცოტა ხნის წინ მოიპოვა და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მესამე გუნდის სტატუსით მიემგზავრება. მსოფლიო რაგბის რეიტინგში აშშ ამჟამად მე-15 ადგილზეა (67.40). შეგახსენებთ, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში 74.69 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ.
საქართველოს აშშ-ს წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშია და ბოლო სამი თამაშის მოგების ხარჯზე მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს – 4 მოგება და 3 მარცხი. „არწივებს“ სამჯერ სტუმრად ვეთამაშეთ და 4-ჯერ საქართველოში ვუმასპინძლეთ – სამჯერ თბილისში და ერთხელ რუსთავში.
პირველი თამაში „ჩერჩილის თასზე“, 2009 წელს დენვერში შედგა და მასპინძლებმა 31:13 მოიგეს. მომავალ წელს თბილისში, „ეროვნულზე“ გამართულ დრამატულ მატჩში რევანში ავიღეთ. საქართველომ ბოლო წუთზე გატანილი ლელო გარდასახვით 19:17 გაიმარჯვა. 2012 წელს ამერიკელებს გლენდეილში ვეწვიეთ და მასპინძლებმა 36:20 მოიგეს. 2013 წელს რუსთავში მოგებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა აშშ-მ გაწითლებულ დროზე რთული პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა და 25:23 გაიმარჯვა.
მომავალი 4 წლის განმავლობაში გუნდებს ერთმანეთთან არ უთამაშიათ, 2017 წელს კი აშშ სტუმრადაც დავამარცხეთ და შინაც. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ქენისოში მეტოქეს 21:17, „მიხეილ მესხზე“ კი 21:20 ვძლიეთ. „არწივებს“ ბოლოს 2023 წელს გადავეყარეთ და „მიხეილ მესხზე“ ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით – 22:7 მოვუგეთ.
რაც შეეხება ბათუმს და „აჭარაბეთ არენას“, აქ ბორჯღალოსნები მესამედ ითამაშებენ. დებიუტი 2022 წელს იტალიასთან შედგა და საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (28:19), შარშან კი ზღვისპირეთში ფიჯის ვუმასპინძლეთ და მეტოქემ 21:12 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, შემოდგომის ტესტებზე აშშ-ს გარდა 22 ნოემბერს იაპონიას თბილისში, „მიხეილ მესხზე“ (16 საათი) ვეთამაშებით. ვინ იქნება მესამე მეტოქე და სად გაიმართება თამაში უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
rugby.ge
