17-წლამდელებმა ლიეტუვას მეორე სპარინგიც მოუგეს

0
9

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიეტუველ თანატოლებს მეორე ამხანაგური მატჩიც მოუგო და ისევ სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში სანდრო კობახიძის გაწვრთნილ გუნდში პირველი მატჩის მსგავსად ყველაზე გამორჩეული შემტევი ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილი იყო, რომელმაც ისევ დუბლი შეასრულა.
შეხვედრის მე-9 წუთზე ანზორ ცირამუამ მარჯბენა ფრთაზე კარგი რეიდი განახორციელა და  მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ზუსტი პასი ბართიშვილს გაუკეთა, რომელმაც მარცხენა ფეხით ერთი შეხებით გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში ბართიშვილი სტუმართა ნახევარზე ერთ მეტოქეს გაცდა და დაახლოებით 20 მეტრიდან ამჯერად მარჯვენათი „ცხრიანში“ შეაგდო – 2:0.
77-ე წუთზე გიორგი გორგაძემ ძლიერი დარტყმით დაახლოებით 18 მეტრიდან ბალტიისპირელთა კარი აიღო. მატჩის მიწურულს გოლის გატანის ორი კარგი შანსი ხელიდან ნიკოლოზ ხატოიანმა გაუშვა – ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა ცუდად დაარტყა და ჟკოვსკის ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია, ხოლო შემდეგ ლიეტუველები გვერდითმა ძელმა გადაარჩინა.
ჩვენი 17-წლამდელები ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილზე გასულები მოხვდებიან.
24 ოქტომბერი – საქართველო V ისლანდია | 18:00
30 ოქტომბერი – საქართველო V საბერძნეთი | 18:00
საქართველო 3:0 ლიეტუვა – შემადგენლობა და მატჩის ოქმი

ლაშა თაბაგარი