„კოლხეთმა“ სტუმრად „გარეჯთან“ ქულა გადაარჩინა

0
14

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ბოლო შეხვედრაში საგარეჯოს „გარეჯმა“ გიორგი მიქაძის თავკაცობით ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო – 2:2.
თამაშის მე-9 წუთზე ლევან პაპავამ საუცხოო ფინტით სტუმართა საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით დაარტყა – ბურთი ფოთელ ფეხბურთელს ოდნავ შეეხო, რის შემდეგ შორეულ „ცხრიანში“ ჩაეშვა. პირველი ტაიმის შუაწელში ნიკა ქუთათელაძემ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და ლუკა კუტალაძემ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
მე-40 წუთზე „კოლხეთი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან უკრაინელი თავდამსხმელი ევგენი ლეშჩინსკი „გარეჯის“ მოთამაშეს ფეხებში უხეშად ჩაუვარა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. ტაიმის მიწურულს მათე ქომეთიანმა საგარეჯოელები კიდევ უფრო დააწინაურა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და თამაშგარე დააფიქსირა, რის გამო, გოლი გაუქმდა.
52-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და კუტალაძემ გოლი თავის კუთხეში ისე გაუშვა, რომ რეაქციაც არ ჰქონია.
73-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ნიკა გალახუარიძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა ნიკა კაჭარავამ თავურით მასპინძლები დააწინაურა – 2:1.
77-ე წუთზე გიორგი ხარებავა „გარეჯის“ საჯარიმოში კამერუნელ თავდამსხმელ ფრანსუა ეკონგოლოს გაცდა, რომელმაც წააქცია და ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა, რომელიც დიტო ფაჩულიამ ზუსტად შეასრულა – 2:2.
„გარეჯი“ 20 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა, ხოლო დავით კვირკველიას დამოძღვრილი „კოლხეთი“ 15 ქულით ბოლოა.
ცნობისთვის, მიმდინარე ტურში „ტორპედო“ – „დილას“ დაპირისპირების გარდა, ყველა შეხვედრაში ფეხბურთელი გააძევეს. ამასთანავე, არცერთ კაცნაკლულ გუნდს წაუგია.
ლაშა თაბაგარი