„იბერიამ“ კაცნაკლულ ბათუმელებს ვერ მოუგო, კანკავა ისევ გააძევეს

0
19

კრისტლაბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში გათამაშების ლიდერმა თბილისის „იბერიამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მხოლოდ ქულა აიღო. შეხვედრის მე-17 წუთზე ბაქარ ქარდავამ მოედნის ცენტრიდან კარგი პასით სტუმართა საჯარიმოში გახსნილი კოტდივუარელი ზოჰური მოძებნა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა, ხოლო გიზო მამაგეიშვილმა არაზუსტად დაამატა.
37-ე წუთზე ბათუმელთა მცველი ნიკა კალანდარიშვილი ფეხენში უხეშად ჩაუვარდა და წითელი ბარათი მიიღო, ხოლო „იბერიას“ ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე შესულმა თორნიკე ახვლედიანმა თავით ანგარიში გახსნა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა კობა რევაზაშვილმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თბილისელთა ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირა.
მეორე ტაიმის შუაწელში დანიელ ქვარცხავა მარცხენა ფლანგზე უაჰაბის გაცდა და საჯარიმოში შესულმა კართან ახლოს მდგომი ახვლედიანი მოძებნა, რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მიზანს ააცილა.
შეხვედრის მიწურულს „იბერიამ“ ორი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ორჯერვე მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბათუმელები გადაარჩინა – ჯერ საჯარიმოში მყოფი გიორგი ჯგერენაიას დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ ახლო მანძილდიან ირაკლი სიხარულიძეს არ გაატანინა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილ „იბერიას“ 49 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა 34 ქულა დააგროვეს და მე-4 პოზიციაზე არიან.
იბერია 1999 0:0 დინამო ბთ 
„თელავმა“ თბილისის „დინამო“ მიიღო და ამ შემთხვევაშიც უგოლო ფრე დაფიქსირდა. მე-20 წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ ორთაბრძოლის დროს ტატო ჟივიძეს მკრედში იდაყვი ჩაარტყა, რის გამო არბიტრმა ირაკლი შენგელიამ ყვითელი ბარათი აჩვენა. ამის გამო, კანკავამ გაცხარდა და გამეტებით დაახეთქა მიწაზე ბურთი, რომელიც ხელემში ეჭირა. შენგელიამ მას მყისვე მეორე „ყვითელი“ აუფრიალა და გააძევა. კანკავამ ამ სეზონში მესამე “წითელი” მიიღო. 79-ე წუთზე „დინამოს“ განელი ლეგიონერი ბარნს ოსეი ესპანელ ინიგო მარტინის ეუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
ვლადიმერ კაკაშვილის თავკაცობით „დინამოს“ აქტივში 37 ქულაა და მესამეა, ხოლო „თელავი“ 18 ქულით ბოლოსწინაა.
თელავი 0:0 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი