პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას ევროპის სუპერთასზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ გამარჯვებას საოცრება უწოდა. განვლილ მატჩშ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ევროპა ლიგის თასის მფლობელთან 0:2 აგებდა, მაგრამ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვა.
„80 წუთის განმავლობაში გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. ვფიქრობ, იმ დროში მოგება „ტოტენჰემს“ ეკუთვნოდა. ვგრძნობდით, რომ მეტოქე კარგ სათამაშ ფორმაშია, რადგან 6 კვირა ვარჯიშობდა. „ტოტენჰემმა“ საუცხოო მატჩი ჩაატარა.
ჩვენ მხოლოდ 6 დღე ვივარჯიშეთ, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან გაგვიმართლა, როდესაც თამაშის ბოლო ათ წუთში ორი გოლი გავიტანეთ.
ჩემს ფეხბურთელებს წარმატების ბოლო წუთამდე სჯეროდათ, ისევე როგორც გულშემატკივრებს, მაგრამ ფეხბურთში წინასწარ რამის განსაზღვრა რთულია და ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა.
რთულის ისე თამაში როგორც ჩვენ გვსურს, როდესაც სავარჯიშოდ მცირე დრო გაქვს. ეს საოცრება იყო“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტან კახა კალაძის შემდეგ, მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა. კალაძემ ეს „მილანის“ შემადგენლობაში 2008 წელს მოახერხა. კვარაცხელიამ წელს მეოთხე ჯილდო მოიპოვა – მანამდე, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
პსჟ არსებობის ისტორიაში სუპერთასს პირველად დაეუფლა, ხოლო წელს მეხუთე ტიტული მოიგო. პსჟ პირველი ფრანგული კლუბია, რომელმაც სუპერთასი მოიპოვა.
ლუის ენრიკემ მწვრთნელის რანგში წლის განმავლობაში 5 ტიტული უკვე მეორედ დაისაკუთრა. პირველად ეს “ბარსელონას” თავკაცობის დროს მოახერხა.
ლაშა თაბაგარი





