საქართველოს ეროვნული ნაკრების, “ზესტაფონის”, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის “დინამოს” და ბათუმის “დინამოს” აწ უკვე ყოფილმა მეკარე როის კვასხვაძემ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება:
„წლების განმავლობაში “ტორპედოს” კაპიტანმა, ჩვენი კლუბის ლეგენდარულმა მეკარემ როინ კვასხვაძემ 36 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
კვასხვაძე 2014–2019 და 2021–2023 წლებში “ტორპედოსთან” ერთად ერთხელ საქართველოს ჩემპიონი (2017) გახდა, სამჯერ საქართველოს თასი (2018, 2019, 2022) მოიგო, ხოლო ორჯერ – საქართველოს სუპერთასი (2018,2019). იყო არაერთი გამარჯვების მთავარი შემოქმედი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ბოლო წუთზე მოგერიებული პენალტი, რომლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეოთხედ მოვიპოვეთ. მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო! წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“ – იუწყება „ტორპედოს“ პრესსამსახური.
კვასხვაძემ თბილისის “დინამოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონატი და თასი თითოჯერ მოიგო. მან “ზესტაფონის” რიგებში საქართველოს თასზე ერთხელ გაიმარჯვა, ხოლო სუპერთასზე – ორჯერ. გარდა ამისა, ბათუმის “დინამოსთან” ერთად საქართველოს პირველობის ოქროს მედალი მოიპოვა. მას საქართველოს ეროვნულ გუნდში 2012 წლიდან იწვევდნენ და 8 თამაში ჩაატარა. ის 2017 და 2018 წლებში საქართველოს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი





