დიეგო ლონგოს მიაჩნია, რომ „დილა“ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორსაა. გორელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში შინ ლუქსემბურგის „რასინგთან“ 1:0 გამარჯვების და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ განაცხადა.
დიეგო ლონგო: „მიმაჩნია, რომ ჩემი გუნდი თავის შესაძლებლობის მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორსაა, იყო ხარვეზები რომელიც ,,რიგასთან” მატჩისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ერთი შეხედვით როდესაც მეკარე გააძევეს ამას მეტოქის ამოცანები უნდა გაერთულებინა. თუმცა მათ ამის შემდეგ თამაში კიდევ უფრო ჩაკეტილი და დაცვაზე ორიენტირებული გახადეს, რამაც გარკვეული ამოცანების შესრულება შედარებით გაგვირთულა.
მე როდესაც გუნდში მოვედი რადიკალური ცვლილებები არ მომითხოვია, რადგან ამ ბიჭებში ვხედავდი პოტენციალს. ის მონდომება რაც ამ გუნდისგან ჩანს, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო რომ ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია.
რაც შეეხება მომდევნო მეტოქე „რიგას“, მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ამ გუნდს უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ვსწავლობთ. ვუყურე „რიგას“ ბოლო მატჩებს და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი დაბალანსებული გუნდია, იგი შეიძლება ჩვენს ახლანდელ მეტოქეზე ძლიერია, თუმცა არა იმდენად რომ წყვილში ფავორიტად დავასახელო, ვფიქრობ შანსები 50/50 ზე იქნება.
შეყილაძე ძალიან მაღალი დონის ფორვარდი და მეორე ფორვადის პოზიციის მოთამაშეა, მისი გამოყენება შემიძლია ასევე ფლანგზეც. ის რომ მან შესაძლოა რამდენიმე თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხოს დიდად არაფერს ცვლის, რადგან მოედანზე ძალიან აქტიურია, რითაც გუნდს დიდ სამსახურს უწევს.
პედრო მენდეშის ტრავმას რაც შეეხება, მე ამაზე დაზუსტებით ვერ გეტყვით. ეს სამედიცინო ჯგუფის პრეროგატივაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ იგი რეაბილიტაციის კურსს პორტუგალიაში გადიოდა და ვიმედოვნებ რომ ხვალ უკვე გუნდთან ერთად იქნება. იგი მოედანზეც და მის გარეთაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პერსონაა და მისი გამოცდილება მომდევნო მატჩში ძალიან წაგვადგება.
რაც შეეხება გრიგოლ ჩაბრაძეს, იგი მოკლე ხანში ძალიან დიდ ძალად იქცა ჩვენი გუნდისთვის. გრიგოლს აქვს საერთაშორისო მატჩების გამოცდილება, ეროვნული ნაკრების წევრობიდან გამომდინარე. მის მოსვლამდე გუნდში ამ პოზიციაზე თედო კიკაბიძე დამხვდა რომელიც გრიგოლს ჯანსაღ კონკურენციას უწევს და ასევე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ამიტომ, მაქვს ფუფუნება მათ შორის არჩევანი გავაკეთო ამა თუ იმ მატჩში“.
„დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „რიგასთან“ სტუმრად 24 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა გორში 31 ივლისს შედგება.
ლაშა თაბაგარი





