ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასს ვერ შეწვდა. ქალაქ ნიუ ჯერსის სტადიონ „მეტლაიფზე“ გამართულ ფინალში, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა, რომელმაც წელს კონფერენს ლიგა მოიგო.
იტალიელი ენცო მარესკას გაწვრთნილმა ლონდონელებმა ლუსი ენრიკეს დამოძღვრილი პარიზელები როგორც ტაქტიკურად, ასევე ტექნიკურად დაჯაბნეს და ტაბლოზე დაფიქსირიბეული ანგარიში ლოგიკური. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 58-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის გმირი ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი კოულ პალმერი აღმოჩნდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.
მატჩის დასაწყისში „ჩელსის“ კარგი კომბინაციის შემდეგ, პალმერმა თითქმის საჯარიმოს ხაზიდან დარტყა და ბურთი კარს გადაცდა. საპასუხო შეტევის დროს, დეზირე დუემ საჯარიმოს გარედან დაარტყა და რობერტ სანჩესმა ბურთი ხელებში დაფიქსირა.
22-ე წუთზე მალო გუსტო შეტევის მარჯვენა ფლანგზე ნუნუ მენდეშს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი პალმერს გაუკეთა, რომელმაც დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი ჯანლუიჯი დონარუმასგან მარჯვენა დაბალ კუთხეში – 1:0.
30-ე წუთზე ლევი კოლვილის გადაცემის შემდეგ, პალმერი ფინტებით პსჟ-ს საჯარიმოში ორ მეტოქეს გაცდა და იმავე კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
43-ე წუთზე ინგლისელთა კონტრშეტევის დროს პალმერმა სუცხოო პასით დონარუმას ბრაზილიელი ფორვარდი ჟოაო პედრო შეატოვა, რომელმაც იტალიელ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 3:0.
ტაიმის მიწურულს ჟოაო ნევეშმა თავით სახიფათოდ დაარტყა და რობერტო სანჩესმა „ჩელსის“ გოლის გაშვებას გადაარჩინა. შესვენებაზე ე.წ. „ჰალფ თაიმ შოუ“ გაიმართა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის სუპერბოულის მატჩებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, ამ შოუმ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიწია და მისი დარტყმული ბურთი სანჩესმა ცუდად მოიგერია, ხოლო ფრანგი ფეხბურთელებიდან ლონდონელთა კართან ახლოს არავინ აღმოჩნდა, რომ დაემატებინა. ამ ეპიზოდიდან 10 წუთში ქართველი ფეხბურთელი ბრედლი ბარკოლამ შეცვალა. კვარცხელიამ ტურნირი ერთი გოლით და 2 საგოლე პასით დაასრულა.
პსჟ-მ მეტოქის კარი ვერც მეორე ტაიმში აიღო და პირიქით ორჯერ გადარჩა გოლის გაშვებას, როდესაც დონარუმამ ჯერ ლიამ დელაპის საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ მასთან ერთი-ერთზე გასულ დელაპს ისევ არ გაატანინა. 85-ე წუთზე პსჟ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან ჟოაო ნევეშმა „ჩელსის“ მცველ კუკურელიას თმა მოქაჩა და წითელი ბარათი მიიღო. საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და ინგლისურმა გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მეორედ მოიგო, თუმცა, პირველად გამარჯვების დროს ტურნირი სხვა ფორმატით ტარდებოდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელთა გარკვეულ ჯგუფს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. განსაკუთრებით დონარუმა აქტიურობდა, რომელსაც მხარი ლუის ენრიკემ აუბა. პარიზელთა მწვრთნელი ყელში ჟოაი პედროს წვდა, რომელსაც შემდეგ დონარუმამ ხელი ჰკრა და წააქცია.
„ჩელსიმ“ 2014 წლის შემდეგ პირველად პსჟ დაამარცხა – მანამდე ზედიზედ 4 თამაში წააგო. მარესკას მწვრთნელის რანგში მეორე ტიტული მოიგო, ხოლო ლუის ენრიკე მწვრთნელად მუშაობის პერიოდში საკლუბო დონეზე ზედიზედ 12 ფინალის მოგების შემდეგ, პირველად დამარცხდა. „ჩელსიმ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში 120 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კოულ პალმერი აღიარეს, ხოლო საუკეთესო მეკარედ – სანჩესი. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი დუემ მიიღო. საუკეთესო ბომბარდირი 4 გოლით და ერთი საგოლე პასით მადრიდის „რეალის“ ფორვარდი გონსალო გარსია გახდა.
„ჩელსის“ ოქროს მედლები ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად დონალდ ტრამპმა გადასცა. სხვათა შორის, „ჩელსიმ“ როდესაც თასი ჩაიბარა და გამარჯვებას აღნიშნავდა, ტრამპი სცენიდან არ წავიდა და მოგვიანებით, ამერიკის პრეზიენტი ინფანტინომ გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი
