კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსის“ შეხვდება

0
15

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ აშშ-ი მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. 1/2-ფინალში პარიზელებმა მადრიდის „რეალი“ 4:0 გაანადგურეს.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო  და ტრადიციულად ძალიან აქტიურობდა. მან რამდენიმეჯერ მარცხენა ფლანგიდან მწვავედ შეუტია და კარშიც დაარტყა, მაგრამ ამჯერად გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
პსჟ-მ მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო და საჯარიმოში შეჭრილი დემბელეს დარტყმის მერე, ტიბო კურტუამ „რეალი“ გადაარჩინა.
შეხვედრის მე-6 წუთზე თავის საჯარიმოში გონსალო გარსია ძალიან უხეშად შეცდა ბურთის მოგერიების დროს, რომელიც უსმან დემბელეს დარჩა, ამ უკანასკნელს წინ გამოსულმა ტიბო კურტუამ კარში არ დაარტყმევინა, მაგრამ საბოლოოდ ფაბიან რუისმა ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-9 წუთზე თავის ნახევარზე მყოფი „რეალის“ მცველი პასს აკეთებდა, მაგრამ ბურთი დაკარგა, რომელსაც დემბელე დაეუფლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა – 2:0.
24-ე წუთზე პსჟ-მ საუცხოო კომბინაცია გაითამაშა და ფეხბურთელები თითო შეხებით ჩავიდნენ მადრიდელთა საჯარიმოში, სადაც ჰაკიმის პასის შემდეგ ფაბიან რუისმა ბურთი დაამუშავა, რასაც ვალვერდესთან ორთაბრძოლაში ზუსტი დარტყმაც მიაყოლა – 4:0.
59-ე წუთზე კვარაცხელიამ მოედანი დატოვა და თამაშში ბარკოლა ჩაერთო. 87-ე წუთზე პარიზელთა მორიგი სწრაფი შეტევის დროს, ბარკოლამ ესპანელების საჯარიმოში ბარკოლა ფინტით ედერ მილიტაოს გაცდა და პასი გონსალუ რამუშს მისცა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან გატანილი გოლი პორტუგალიის ნაკრებში თავის ყოფილ თანაგუნდელ დიეგუ ჟოთას მიუძღვნა, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
პსჟ 13 ივლისს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი