„იბერიამ“ „მალმიოსთან“ ვერაფერი გააწყო

0
23

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერიას“ კენჭისყრაში აშკარად არ გაუმართლა, რადგან სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე რთული შეხვდა. შვედეთის „მალმიომ“ ქაღალდზე თავისი უპირატესობა მოედანზე საქმით დაამტკიცა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ფაქტობრივად გაინაღდა.
სკანდინავიელები უპირატესობას „მიხეილ მესხზე“ გამართული მატჩის სტარტზევე დაეუფლნენ და მე-6 წუთზე ბოლინმა თბილისელთა საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ორ წუთში „მალმიოს“ შეტევის დროს მასპინძლების საჯარიმოში მყოფი გუდიონსენის დარტყმული ბურთი მაკარიძემ მოიგერია, მაგრამ ბუზანელომ ზუსტად დაამატა – 0:1.
მე-15 წუთზე შვედების კარგი შეტევა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბოლინმა მახვილი კუთხიდან დარტყმით დაასრულა და მაკარიძემ ბურთი ფეხით მოიგერია. მე-19 წუთზე „მალმიოს“ საჯარიმოში გახსნილმა თბილისელთა ახალწვეულმა ზოჰურმა გადაცემა აგიაკვასგან მიიღო და მარჯვენა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, გიზო მამაგეიშვილმა თავის ნახევარზე მეტოქე ფეხბურთელს ბურთი აართვა და გრძელი დიაგონალური პასი იური ტაბატაძეს გაუკეთა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, რის შემდეგ წინ გამოსულ მეკარესთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა. მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი არ დანიშნა.
24-ე წუთზე შვედების კონტრიერიშის დროს, მაკარიძესთან პირისპირ დარჩენილი ბოლინის დარტყმული „იბერიას“ მეკარემ გაანეიტრალა. ხუთ წუთში მასპინძლების კარს ისევ ბოლინი დაემუქრა და ამჯერად ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. შვედები შეტევას განაგრძობდნენ და საჯარიმოს გარედან ბერგის ძლიერად დარტყმული ბურთი ისევ მაკარიძის ნადავლი გახდა.
57-ე წუთზე ბოლინმა ბურთი „იბერიას“ საჯარიმოში მიიღო, ერთ მცველს გაექცა და მაკარიძეს ახლო კუთხეში გაუტანა. 65-ე წუთზე მამაგეიშვილმა შვედების საჯარიმოში „იბერიას“ კიდევ ერთი ახალწვეული ანეს რუშევიჩი მოძებნა, რომლის დარტყმული მცველმა დაბლოკა, ხოლო სერბი ფორვარდის დამატებულს მეკარე გადაეღობა.
70-ე წუთზე ტაჰა ალიმ ბურთი მასპინძლების ნახევარზე მიიღო და მარცხნიდან ცენტრისკენ შეწეული ორ მეურვეს გაექცა, ხოლო საჯარიმოში შესულმა მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ შეაგდო. მე-80 წუთზე „მალმიოს“ საჯარიმოში შეჭრილ რუშევიჩს ფეხებში მცველი ჩაუვარდა და სერბი წაიქცა. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, მაგრამ მომხდარის VAR-ზე ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ვიდრე არბიტრი მონიტორს უყურებდა, მაკარიძე შვედების მთავარ მწვრთნელს ცხარედ ეკამათა.ტრიბუნიდან ძნელი გასარკვევი იყო „იბერიას“ მეკარე რამ გააღიზიანა.
86-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს ლუკა სილაგაძემ „მალმიოს“ საჯარიმოში რუშევიჩი მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა – 1:3.
„იბერია“ საპასუხო შეხვედრას მალმიოში 15 ივლისს ჩაატარებს. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ვერ გადალახვის შემთხვევაში, ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
„იბერია“ (თბილისი) – „მალმიო“ (შვედეთი) 1:3 (0:1)
8 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“
: მაკარიძე, აგიაკვა, გელაშვილი, ჯგერენაია, გ. ტაბატაძე (ნ. ხორხელი, 85), ზოჰური (სილაგაძე, 59), ქარდავა, კლასი (დადიანი, 59), გიზო მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (ძაგანია, 77), სიხარულიძე (რუშევიჩი, 59).
მთავარი მწვრთნელი:
ლევან კორღალიძე.
„მალმიო“: ელბორგი, სტრიგერ ლარსენი, იანსონი, როსლერი, ბუზანელო, კარლსონი, როსენგრენი (ლევიცკი, 75), იონსენი (ბუსულაჯიჩი, 62), ბოლინი (ეკონგი, 88), გუდიონსენი (ალი, 62), ბერგი (ჰაკშაბანოვიჩი, 88.
მთავარი მწვრთნელი:
ჰენრიკ რიდსტრიომი.
გოლები: 0:1 ბუზანელო (8), 0:2 ბოლინი (58), 0:3 ალი (71), 1:3 რუშევიჩი (86)
გაფრთხილება:
როსენგრენი (66), ბუსულაჯიჩი (90)
მთავარი მსაჯი:
ი. სტოიჩევსკი (ჩრ.მაკედონია).
ლაშა თაბაგარი