პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება სურს, რომელიც 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება. მან ამის შესახებ ჯგუფურ ეტაპზე დღეს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ლოს ანჯელესში ჩატარებულ ოთხ ვარჯიშს შევაფასებთ, შემიძლია დაგარწმუნოთ გამარჯვებისკენ სწრაფვა სახეზეა. ასეთი ტიპის მოთამაშეებისთვის ეს ნორმაა. ძალიან კარგი შედეგის ჩვენება გვინდა. ამბიცია გვაქვს, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ, რათა მეტოქეებს ცხოვრება გავურთულოთ“ – იუწყება Marca ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც წელს პსჟ-ს არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
პსჟ-სთან ერთად „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ემზადება, რომელიც პირველი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





