მამარდაშვილის კიდევ ერთი აღიარება

0
24
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია.
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” შემადგენლობაში “მესტალიაზე” გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცეპრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვეს. ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
 სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი 6-ჯერ გახლდათ.
გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და მამარდაშვილამდე მასში ფეხბურთელებიდან სლავა მეტრეველმა, მურთაზ ხურცილავამ, რამაზ შენგელიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვეს.
გიორგი მამარდაშვილი: “მადლობა მინდა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ძალიან საპატიოა ეს პრიზი, მით უმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს მოვიგე. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ”.
მანამდე, მამარდაშვილი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გაზეთ “სარბიელის” და ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით გახდა.