ჩემპიონი “ქუთაისი” ტიტულს ექსჩემპიონ თსუ-სთან დაიცავს

0
28

სუპერლიგის ფინალში ბოლო ორი სეზონის ჩემპიონები – თსუ და “ქუთაისი 2010” შეხვდებიან. იმერული კლუბი მოქმედი ჩემპიონია, უნივერსიტეტელებმა კი ტიტული ბოლოსწინა სეზონში მოიგეს. ჩემპიონობის შემდეგ, ორივე გუნდმა ევროტურნირზე იასპარეზა და თავი არცერთს შეურცხვენია. რომელი მათგანი გახდება საქართველოს ჩემპიონი და მოიპოვებს ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობის უფლებას, მაისის ბოლომდე გამოჩნდება, როცა ფინალური სერია დასრულდება.
ორივე გუნდმა ნახევარფინალური სერია 3:1 მოიგო. თსუ-მ გურჯაანის დელტა დაამარცხა, ხოლო ქუთაისმა – ზესტაფონის მარგვეთი. ქუთაისელებს გამარჯვების მოპოვება გვარიანად გაუჭირდათ. წინა მატჩის მსგავსად, ქუთაისელებმა ამჯერადაც 2 ქულით – 85:83 იმარჯვეს, თუმცა კრისტიან ჯონსს საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი სამქულიანი რომ ჩაეგდო, სერიაში ანგარიში გათანაბრდებოდა.
მარგვეთმა ქუთაისს ამჯერადაც დიდი ბრძოლა გაუმართა და შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. ის კი არა, მეორე პერიოდში მარგვეთი 12 ქულით იგებდა და ქუთაისი რთულ სიტუაციაში იყო. ზესტაფონი ალბათ ასე ვერ გაუძალიანდებოდა ფავორიტად მიჩნეულ ქუთაისს, რომ არა ელაია ჯოინერის ტრავმა. ამერიკელი ლეგიონერი ქუთაისელებს ვერ ეხმარება.
მესამე პერიოდში კოტე ტუღუშის ტაქტიკურმა მანევრებმა თამასის სცენარი ქუთაისელთა სასარგებლოდ შეცვალა. სტუმრებმა ლიდერობა მოიპოვეს, ხოლო მარგვეთი კვალში ჩაუდგა და ბოლო წამებამდე ცდილობდა დაწინაურებას, რისი შანსიც ზედ სირენის წინ, ბოლო შეტევაში გაუჩნდა, მაგრამ როგორც გითხარით, ჯონსმა გამარჯვების სამქულიანი ააცილა.
ქუთაისის შემადგენლობაში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა სუპერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ არჩეულმა გიორგი კორსანტიამ, რომელმაც 38 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა დააგროვა გიორგი სულაბერიძემ, ხოლო ბეა ბექაურის ანგარიშზე 7 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. მარგვეთში 19 ქულით და 9 მოხსნით ჯონსი გამოირჩა, ვახტანგ გაფრინდაშვილმა 22 ქულა დააგროვა.
ფინალური სერია 20 მაისს დაიწყება და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც 3 გამარჯვებას მოიპოვებს. მესამე ადგილისთვის მატჩში მარგვეთი ზესტაფონში გურჯაანის დელტას უმასპინძლებს.