ჰანსი ფლიკი: „ჩვენი მიღწევა ფენომენალურია“

0
51

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 1:3 წააგო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შინ  4:0 მოიგო, 2019 წლის შემდეგ პირველად ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა.
შეხვედრის მე-11 წუთზე მეკარე ვოიცეს შჩესნიმ თავის საჯარიმოში პასკალ გროსი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გირასიმ გაიტანა – 1:0.
49-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და ესპანელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ბენსებაინმა მოიგო, ხოლო გირასიმ თავით შჩესნის კარი მეორედ აიღო – 2:0.
54-ე წუთზე ფერმინა ლოპესმა მარჯვენა ფლანგიდან გერმანელთა საჯარიმოში ჩააწოდა და ბენსებაინმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 2:1. 76-ე წუთზე დორტმუნდელთა შეტევის დროს, არაუხომ თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც გირასის მიუვიდა და გვინეელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა – 3:1. გირასი 13 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.
შეხვედრის შემდეგ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა გერმანელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 1/2-ფინალში გასვლას იმსახურებდა:
„ჩვენ ნახევარფინალში ვართ, რაც დავიმსახურეთ. „ბორუსია“ ძალიან კარგია გუნდია, რომელმაც ბევრი სირთულე შეგვიქმნა. თუმცა, შემდეგ ეტაპზე გავედით და ეს ისაა, რასაც მნიშვნელობა აქვს.
დღეს „ბარსელონას“ საუკეთესო ფეხბურთი არ უთამაშია. თუმცა, ეს „ბორუსიას“ დამსახურებაა, რომელიც კარგად გამოიყურებოდა. ბოლო კვირებში ჩვენი მიღწევა ფენომენალურია. ჩვენ ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, მაგრამ ფინიშამდე ჯერ კიდევ შორს ვართ“ – იუწყება ფლიკის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი