
ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი თავისი ფეხბურთელებით ძალიან ამაყია. მან ამის შესახევ ჩემპიონთა ლიგაი 1/4-ფინალში სახლში პსჟ-სთან 3:2 გამარჯვების შემდეგ განაცხადა. ინგლისელებმა სტუმრად პირველი შეხვედრა 1:3 წააგეს და ამიტომ, ტურნირს გამოეთიშნენ.
„ჩვენს მიერ გაკეთებული საქმით ძალიან ვამაყობ. ეს საუკეთესო წინ გადადგმული ნაბიჯია იმ დონისკენ, რომელზეც „ასტონ ვილასთან“ ერთად ყოფნა მსურს. პირველ მატჩში არცთუ ცუდად ვიბრძოლეთ. დღეს კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშეთ და კინაღამ „ქამბექი“ გავაკეთეთ. ბოლო ნაბიჯი არ გვყოფნის. ამაზე უნდა ვიმუშავოთ, რომ პროგრესს მივაღწიოთ.
გულშემატკივრები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. მათ თამაშით ისიამოვნეს და ენერგიით დაგვმუხტეს. ასეთი შეგრძნება მაშინაც არ გვტოვებდა, როდესაც 0:2 ვაგებდით. სამუშაო კიდევ გვაქვს“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.
ბირმინგემში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
