„გაგრას“ ორი გამოუყენებელი პენალტი და გამარჯვება

0
74

„გაგრამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. წინა ტურში სტუმრად „გარეჯთან“ 1:0 ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, გაგრელებმა მე-8 ტურში ანალოგიური ანგარიშით გასვლაზე კიდევ ერთი კახური გუნდი „თელავი“ დაამარცხეს.
65-ე წუთზე მასპინძელმა ფეხბურთელმა თავის საჯარიმოში გაგრელი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. სტუმართა კაპიტანმა მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და ბურთი კარს გადააცილა.
70-ე წუთზე „გაგრას“ მოთამაშის დარტყმულ ბურთს თელაველთა მცველი ხელით შეეხო და მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ მეორე პენალტი დადო. ამჯერად, დარტყმა ოთარ გაგნიძემ ითავა და ლევან თანდილაშვილმა მისგან მარცხენა კუთხეში წასული ბურთი მოიგერია, ხოლო ზურაბ ჭავჭანიძემ ზუსტად დაამატა – 0:1.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „გაგრა“ 10 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო ვალერი გაგუას თავკაცობით „თელავმა“ ამდენივე ქულა დააგროვა და მეექვსეა.
თელავი 0:1 გაგრა 
ლაშა თაბაგარი