ჩემპიონმა აუტსაიდერი ბოლოს გატეხა

0
62

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ აუტსაიდერ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
შეხვედრის მე-5 წუთზე გიზო მამაგეიშვილი მეტოქის ნახევარზე ორ საგარეჯოელ ფეხბურთელს გაცდა, ხოლო საჯარიმოში შესული ირაკლი კამლაძემ წააქცია, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. იური ტაბატაძემ თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია – 1:0.
62-ე წუთზე გიორგი გაბაძის გადაცემის შემდეგ, ლევან პაპავამ საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 89-ე წუთზე თბილისელების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ირაკლი სიხარულიძემ მოიგო, ხოლო კარის წინ მდგომმა ივა გელაშვილმა ერთი ბურთი კარში გადაგზავნა – 2:1.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „იბერია“, რომელსაც გასული წლის 18 სექტემბრის შემდეგ ჩემპიონატში თამაში არ წაუგია, 20 ქულით 10-გუნდიან საგტურნირო ცხრილში ლიდერია.
„გარეჯი“, რომელიც თენგიზ კობიაშვილის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, სათამაშოდ ნესტორ მუმლაძემ გაიყვანა, 4 ქულით ბოლოა.
იბერია 1999 2:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი