კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურმა სტარტი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე აიღო, სადაც გიორგი ონიანის გაწვრთნილმა „გაგრამ“ თბილისის „დინამო“ მიიღო და 4 უპასუხო ბურთი გაუშვა,
შეხვედრის მე-19 წუთზე მასპინძლებმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგეს და „დინამოს“ კონტრშეტევა ნიკა ნინუამ შორი მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა – 0:1.
25-ე წუთზე ნინუამ მეტოქის ნახევარზე დანიშნული ჯარიმა შეასრულა და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელსაც თავით კარში ადგილი ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსეუმ მიუჩინა – 0:2.
მე-80 წუთზე „გაგრა“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ილია კაციაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 86-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა უკრაინელმა მცველმა ბოგდან პოტალოვმა ზუსტი პასი გაუკეთა თითქმის კარის ხაზზე მდგომ ვახტანგ სალიას, რომელსაც ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა არ გაჭირვებია – 0:3. 89-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში თემურ ოდიკაძემ ფინტით ჭავჭანიძე კარგად ჩამოიცილა და კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. „დინამომ“ მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში 4 გოლი პირველად გაიტანა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი “დინამო” 11 ქულით მეოთხეა, ხოლო “გაგრა” 4 ქულით ბოლოსწინა მეცხრეა.
გაგრა 0:4 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





